×

კინო-ავანგარდი სამშაბათობით

პროექტები / სამშაბათი, 07 თებერვალი, 2023 / 337



მარგოს კოლექტივის საინიციატივო ჯგუფმა (ქეთო ტატიშვილი, ნინი კობალაძე, მარიამ შერგელაშვილი, ლაკო მაჭავარიანი), H2SO4 მწერლების ბარის შემხვედრი ენთუზიასტური თანხმობის საფუძველზე გადაწყვიტა ეს დღე საჯაროდ და საზეიმოდ აღნიშნოს და ამიტომაც მოხარული ვიქნებით მოგიწვიოთ. მითუმეტეს, რომ ეს არ იქნება მხოლოდ გასართობი შეხვედრა და არც მხოლოდ მარგოს თეატრის გარშემო. დიახ, გადავწყვიტეთ, რომ ეს იყოს დასაწყისი კიდევ ერთი (არა)ჩვეულებრივი შეხვედრების ადგილის და გვჯერა, რომ ჩვენი ეს გადაწყვეტილება ავანგარდული კინოს მოყვარულებს და, საერთოდ, თბილისის სახელოვნებო აუდიტორიას სიხარულს მოუტანს და ესთეტიკურ სიამოვნებას მიანიჭებს.

დიახ, სწორედ 26 იანვრიდან H2SO4 მწერლების ბარი გთავაზობთ ავანგარდული ფილმების ყოველკვირეულ სეანსებს რომლებიც შემდეგ სამშაბათობით გაგრძელდება.

კინოგამომსახველობის ალტერნატიულ ხედვებზე ორიენტირებული, ექსტაზური და სევდიანი, ავანგარდული, მისტერიული - ეს ნიმუშები არა მხოლოდ კინოს, საერთოდ ხელოვნების ზოგად საგანძურს წარმოადგენს. წარმოდგენილი იქნება ავანგარდული კინოს ვიზიონერების ჩვენში ნაკლებად შესწავლილი ნაწილი:

კენეთ ანგერი - პოპ-იკონების და მისტერიების ექსტრავაგანტური მნიშვნელოვანი მაძიებელი, მსგავსად ენდი უერჰოლისა, მხოლოდ მეტად პოეტური და მისტიკური რაკურსიდან. კენეტ ანგერის კინოს კინოკრიტიკოსები მაგიურს უწოდებენ და პირდაპირ უკავშირებენ ფარაჯანოვს, თუმცა კი, ერთი ფილმს აღმოსავლურ ესთეტიკაზე აგებს, მეორე კი თანამედროვე დასავლურ ესთეტიკაზე;

ჯორჯ კუშარი - 8მმ კინოფირზე მომუშავე რეჟისორი 60-იანი წლების ბრონქსიდან - სწრაფი, იაფი და არაკონტროლირებადი ფილმების შემქმნელი აკრძალული სიყვარულის და სუბლიმირებული სურვილის თემატიკით, კემპის და კიტჩის უშუალო ილუსტრაციებით;

ნიკ ზედი - 80-90-იანი წლების ნიუ-იორკის ანდერგრაუნდის ლეგენდარული რეჟისორი არაერთი ფილმით იქნება წარმოდგენილი საკუთარი კინოგაერთიანების “ტრანსგრესიის კინოს“ დანარჩენ წევრებთან ერთად, როგორიცაა ბრედლი ეროსის და რიჩარდ კერნის ფსიქო-ეროტიული კინო-სემიოტიკა.

ნაჩვენები იქნება ფილმები ნიკ ზედის "არანორმალური კინოს" კოლექციიდან - Abnormal + Elf Panties + Lord of the Cockrings. 1985 წელს ნიკ ზედმა შექმნა ტერმინი "ტრანსგრესიის კინო" და ჩამოაყალიბა მანიფესტი, სადაც ნათქვამია, რომ კინომ უნდა საპაექროდ გამოიწვიოს ყველა ის ღირებულება, რაც საზოგადოებაში არსებობს, რათა გამოჩნდეს, რამდენად არის ეს ღირებულებები რეალური, ანდა ილუზორული. ამ მანიფესტის გარშემო რამდენიმე რეჟისორი გაერთიანდა, რომელნიც ბრალს სდებენ იმ ავანგარდისტებს, რომელთაც კინო მხოლოდ ენობრივი კვლევის ფორმებში გადაიყვანეს. თვითონ უკიდურესად საპირისპირო მიმართულება აქვთ, ეხებიან საზოგადოებისათვის ხელშეუხებელ ღირებულებებს, რადგან თვლიან, რომ პროგრესი არ იქნება, თუკი არ მოხდება ამ ღირებულებების მუდმივი გადასინჯვა. ჰოლივუდს ნიკ ზედი ძალიან აღიზიანებს, როგორც თვითონ წერს, ისინი კარგად აქცევენ ყურადღებას რასაც ვაკეთებ და იყენებენ კიდეც გადაღების ჩემეულ ტექნიკას, მაგრამ უნდათ, რომ ცოცხალი აღარ ვიყო. ამის მაგალითად მოჰყავს, რომ ტარანტინოს ფილმში pulp fiction ამგვარი დიალოგია: "ვისი მოტოციკლეტია ეს?" "ზედის", "რომელი ზედის, ზედი მკვდარია". ზედისეულ გადაღების ტექნიკას იყენებს ოლივერ სტოუნი ფილმში "ბუნებით მკვლელები", ასევე მისი გავლენაა აბელ ფერარას ფილმში "ცუდი ლეიტენანტი". ზედი ხუმრობს, “მეგონა, ვერც მამჩნევდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, კარგი მკვლევარები ჰყავთ“. ნიკ ზედი შარშან გარდაიცვალა მექსიკაში.

კენ ჯაკობსის სტრუქტურალისტური კინო და სხვ.

კლასიკიდან ძიგა ვერტოვთან და მიხაილ კაუფმანთან ერთად, რომლებმაც გააცოცხლეს დოკუმენტური კინო, როგორც მხატვრული ღირებულება, ნაჩვენები იქნება 20-ე საუკუნის დასაწყისის ფრანგული ავანგარდის თვალსაჩინო წარმომადგენლის მან რეის ფილმები;

70-იანი წლებიდან კი - ენდი უერჰოლის და ამერიკული ავანგარდული კინოს ლეგენდის ჯეკ სმითის სრულმეტრაჟიანი კინო-ნამუშევრები - “აალებული ქმნილებანი“ (1963) და “ნორმალური სიყვარული“ (1963). ჯეკ სმიტი ისეთი რარიტეტული კინოს წარმომადგენელია, რომელსაც სიუზან სონტაგი კემპს უწოდებს.

ასევე ჟან-ლუკ გოდარის, გოდფრი რეჯოს და პიერ პაოლო პაზოლინის ჩვენში ჯერ კიდევ ნაკლებად ან სრულიად არადემოსნსტრირებული ფილმები.

პაზოლინის ფილმში Comizi D'Amore, რომელიც რეჟისორმა მწერალ ალბერტო მორავიასთან ერთად გადაიღო, ნაჩვენებია როგორ მოგზაურობენ ისინი იტალიის სოფლებში და ხალხს ერთ მარტივ კითხვას უსვამენ: "საიდან ჩნდება ადამიანი?" ამას ეკითხებიან ბავშვებსაც: "საიდან ჩნდებიან ადამიანები, მართლა წეროებს მოჰყავთ?". ფილმი დაფუძნებულია დიალოგებზე, სადაც საზოგადოების უბრალო ფენის წარმომადგენლები ღიად და გახსნილად საუბრობენ სექსზე.

მაყურებელს ასევე შეუძლია იხილოს მაია დერენის, ჯონ უოთერსის, ოტო მიულის და “ვენის აქციონისტების“ ჯგუფის ნამუშევრები.

ყოველ სამშაბათს მაყურებელს კიდევ არაერთი რეჟისორის შემოქმედებასთან დაუვიწყარი შეხვედრები და თემატური დისკუსიები ელოდება.

ჩვენებები საღამოს 8 საათზე დაიწყება.

ასაკობრივი დაშვება: +18

ზოგადი პროგრამა:

ნიკ ზედი

-------------------------

“ექსტაზი ენთროპიაში“ (1999)

“რისთვის არსებობ“ (1998)

“ომი მენსტრუალური შურია“ (1992)

“ლიდია ლანჩის ველური სამყარო“ (1983)

“საპოლიციო სახელმწიფო“ (1987)

“ვჰორგაზმი“

“ჯოჯოხეთამდე გზა გქონია“ (1985)

“ასე ამბობდა ზარატუსტრა“ (2001)

“მომღიარი სახეები ტყუილებს ამბობენ“ (1995)

“ელფის საცვლები“ (2001)

Lord of the Cockrings (2001)

რიჩარდ კერნი

--------------------------

“სიკვდილის ხეობა ‘69“ (1985)

“მანჰეტენის სასიყვარულო თვითმკვლელობები“ (1985)

“ჰოროსკოპი“ (1991)

“ბოროტი ოპერატორი“ (1990)

“ჩემი ტვინის მარჯვენა მხარე“ (1985)

“პირველმა შენ მომკალი“ (1985)

“იქსი უდრის იგრეკს“ (1990)

“ძუკნები“ და სხვ. (1992)

კენეთ ანგერი

-------------------------

“სიამოვნების სამეფოს ინაუგურაცია“ (1954)

“ღრიანკალი ამომავალი“ (1963)

“ლუციფერი ამომავალი“ (1970-80)

“კურდღლის მთვარე“ (1950)

“ჩემი დემონი ძმის გამოძახება“ (1969)

“ხელოვნური წყლები“ (1953)

“მაშხალები“ (1947)

პროგრამის კოორდინატორი დავით ჩიხლაძე


მსგავსი მასალები