ჰორორატურა ძველით ჰელოუინზე - მწერლების ბარის, სულაკაურის გამომცემლობისა და ფესტივალ „ინსომნიას“ ერთობლივი საშიში პროექტი.
ჰორორატურა მინიმალისტური საშინელებათა ჟანრის კონკურსია, რომელიც მიზნად ისახავს ყველა ასაკისა თუ გამოცდილების მქონე ადამიანის ჩართვას ლიტერატურულ პროცესებში, მათივე საყვარელი ჟანრის გავლით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ საშინელებათა ჟანრის მინიმალისტური პროზა (მაქსიმუმი 3 წინადადება. ხაზს ვუსვამთ: მაქსიმუმი სამი წინადადება) შემდეგ ელფოსტაზე h2so4bar@gmail.com. ჟიურის მიერ შერჩეული ავტორები ძველით ჰელოუინზე, მწერლების ბარში გამართულ ღონისძიებაზე წაიკითხავენ საკუთარ საშიშ მინიატურებს, ხოლო ჟიური გამოავლენს მათგან საუკეთესო სამეულს.
ჰორორატურის გამარჯვებული სამეულისთვის „სულაკაურის გამომცემლობამ“ სპეციალური პრიზები დააწესა.
პროექტი ჰორორატურა არის ჰელოუინის დღესასწაულისა და ლიტერატურის დაკავშირების სახალისო მცდელობა, ხოლო კონკურსის ფორმატი, მას კიდევ უფრო დამაინტრიგებელს და მიმზიდველს ხდის. პროექტს აქვს სხვა კულტურული ასპექტიც: რაკი საქართველოში დღესასწაულებს ძველი და ახალი სტილით აღვნიშნავთ, გადავწყვიტეთ ძველით ჰელოუინობის ტრადიციაც შემოვიტანოთ.