×

აკრძალული წიგნების კვირეული მწერლების ბარში

პროექტები / კვირა, 01 ოქტომბერი, 2023 / 201



„დაე, იკითხოს თავისუფლებამ | კულტურა ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია“ – 1-7 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში აკრძალული წიგნების კვირეული გაიმართება!

▪ კვირეულის ფარგლებში გამომცემლობები: „ინტელექტი“ და „არტანუჯი“ 1-7 ოქტომბრის ჩათვლით „მწერლების ბარში“ გამართავენ ღონისძიებათა ციკლს – „დაე, იკითხოს თავისუფლებამ – კულტურა ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია“.

▪ კვირეული 1-ელ ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნება და საგანგებოდ ამ თარიღთან დაკავშირებით, მწერლების ბარში აკრძალული წიგნების თარო დაიდებს ბინას, რომელიც საზეიმოდ გაიხსნება. თაროზე წარმოდგენილი იქნება გამომცემლობა „ინტელექტის“ სერიის „აკრძალული წიგნების თარო“ ფარგლებში გამოცემული წიგნები.

▪ ასევე, კვირეულის განმავლობაში, ყოველდღე, საღამოს 19 საათზე, მწერლები, მთარგმნელები, ლიტერატორები წაიკითხავენ ლექციებს აკრძალული წიგნების შესახებ და ყურადღებას გაამახვილებენ დემოკრატიულ ღირებულებებზე. გარდა ამისა, კულტურის სფეროში არსებულ საერთო საპროტესტო ტალღასთან დაკავშირებით ლიტერატურის სფერო, სიმბოლურად, სივრცეს დაუთმობს კულტურის სხვა სფეროების წარმომადგენლებსაც და აკრძალულ ლიტერატურასთან დაკავშირებული ლექციების კვალდაკვალ მომხსენებლები ისაუბრებენ აკრძალული კინოს, მუსიკისა თუ ზოგადად კულტურის სფეროს ცენზურის შესახებ.

▪ „აკრძალული წიგნების კვირეული“ ყოველწლიური საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც მხარს უჭერს კითხვის თავისუფლებას. კვირეული 1982 წელს აშშ-ში დაფუძნდა, რაც განაპირობა სკოლებში, წიგნის მაღაზიებსა და ბიბლიოთეკებში გასაჩივრებული წიგნების რაოდენობის უეცარმა ზრდამ. ღონისძიების ორგანიზატორია ამერიკის ბიბლიოთეკართა ასოციაციის ინტელექტუალური თავისუფლების ოფისი და „აკრძალული წიგნების კვირეულის“ კოალიცია.

▪ „აკრძალული წიგნების კვირეული საქართველოში“ გამომცემლობა „ინტელექტისა“ და გამომცემლობა „არტანუჯის“ თაოსნობით 2018 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ ყოველწლიურად განსხვავებული ფორმატის ღონისძიებებით აღინიშნება. ამ ღონისძიების საქართველოში აღნიშვნის ტრადიციის დამკვიდრების იდეა დაეფუძნა გამომცემლობა „ინტელექტის“ საგამომცემლო სერიას „აკრძალული წიგნების თარო“.


მსგავსი მასალები